10 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
გატაცებული ავტობუსი, სავარაუდოდ, დანაღმულია - უკრაინის პოლიცია უკვე 9 საათია, მძევლების გათავისუფლებას ცდილობს

რამდენიმე წუთის წინ უკრაინაში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. უკვე 9 საათზე მეტია რაც უკრაინის პოლიცია გატაცებული ავტობუსიდან მძევლების გათავისუფლებას უშედეგოდ ცდილობს. 45 წლის მამაკაცმა ავტობუსი, სადაც 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ ლუცკში გაიტაცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე შეიარაღებულია, ავტობუსი კი დანაღმული. გამტაცებელი სამართალდამცველების მისამართით პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისვრის.

დამნაშავემ მგზავრების გატაცებამდე სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სახელმწიფოს სისტემის მიმართ პროტესტს გამოთქვამს.

გამტაცებელი 2-ჯერ ნასამართლევი და ყოფილი პოლიციელია. მაქსიმ კრივოშს, რომელიც საკუთარ თავს მაქსიმ პლახოიდაც მოიხსენიებს, უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვა ეკლესიის იერარქებმა, მინისტრებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ვიდეო გადაიღონ, სადაც ისინი იტყვიან რომ "კანონიერი ტერორისტები" არიან. ავტობუსის გატაცების შემდეგ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ კრივოშს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია უარყვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დამნაშავეს შესაბამისი სამხედრო სწავლება აქვს გავლილი, მომხდარს კი ტერორისტულ აქტად აფასებენ.

ლუცკში ვითარების გასაცნობად ერთ-ერთი პოლიციის შენობაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. იმ დროს, როცა არსენ ავაკოვი სამართალდამცველებთან შეხვედრას მართავდა, შენობას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შემდეგ მინისტრის კორტეჟმა ტერიტორია დატოვა.

მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკი აცხადებს, რომ გამტაცებელთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

დღის განმავლობაში კიევში, მეტროსადგურ "მინსკაიასთან" ახლოს, სამართალდამცველებმა ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლო ნაღმის არსებობის გამო მგზავრების ევაკუცია განხორციელდა. პარალელურად, ინციდენტის ადგილთან ახლოს რამდენიმე ლოკაციაზე კი აფეთქებაც მოხდა. ამ დრომდე უცნობია,  უკავშირდება თუ არა ეს ფაქტები ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს.

დღის ამბები