27 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ზღვაში დაღუპული 17 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზღვაში დაღუპული 17 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ზურაბ საგინაძის ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ დანაშაული სხვა პირმა ჩაიდინა.

განაჩენის გამოცხადებამდე, საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცადა თავად ბრალდებულიც.

ზურაბ საგინაძის ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლე არასაკმარის მტკიცებულებებს დაეყრდნო.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას, სასამართლოში 17 წლის ლუკა აბულაძის მამაც ესწრებოდა. "კურიერთან" საუბრისას მშობელი ამბობს, რომ თუ გადაწყვეტილება გასაჩივრდება, მაშინ სამართლებრივ ბრძოლას ოჯახიც განაგრძობს.

მსჯავრდადებულმა ზურაბ საგინაძემ 2023 წლის ივლისს, 4 მოზარდი კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მკვეთრი მანევრით კი არასრულწლოვანები, რომლებსაც ჟილეტები არ ეცვათ წყალში გადაყარა. გამოძიების ინფორმაციით, ლუკა აბულაძემ გადავარდნის შემდეგ ჟილეტის ჩაცმა დააპირა თუმცა, საგინაძემ ამის საშუალება არ მისცა. მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, სამმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხა.

17 წლის ბიჭის ცხედარს ზღვაში სამი დღე ეძებდნენ. გარდაცვლილი ლუკა აბულაძე, მეთევზეებმა, ახალი ბულვარის მიმდებარედ შემთხვევით იპოვეს.

არასრულწლოვანის დაღუპვის საქმეზე კიდევ ორი პირია ბრალდებული - ის პირები რომლებიც ტრაგედიის დროს საგინაძესთან ერთად კატერზე იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მათ დანაშაულის შესახებ იცოდნენ. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე, განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სასჯელი 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები