02 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში და ალეკო ელისაშვილის თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე - რა შეფასებები მოჰყვა ძალადობრივ ქმედებას

"გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მოსმენაზე, გუშინ, კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ალეკო ელისაშვილის ძალადობრივი ქმედების შემდეგ, "ფეისბუქში" გავრცელდა სტატუსები, სადაც პოლიტიკოსების, მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლების ნაწილი, ძალადობას ღიად და დაუფარავად იწონებს.

ინციდენტი პარლამენტში გუშინ მოხდა. იურიდიულ კომიტეტზე, სადაც გამჭვირვალობის კანონს განიხილავდნენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს მოულოდნელად ხელი დაარტყა.  

ალეკო ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ოპონენტების კითხვებს პასუხობდა. ელისაშვილი საკომიტეტო განხილვაზე 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა პოზიცია დისკუსიაში ჩართვის ნაცვლად ძალადობრივად დააფიქსირა.

ხელჩართული ჩხუბის შემდეგ ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა დატოვა და ზანდუკელის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა. შეკრებილთა ნაწილმა, დეპუტატის ძალადობრივი ქმედების მიმართ სიმპათია დაუფარავად გამოხატა.

ჩადენილს არც ქუჩაში გასული ელისაშვილი ნანობდა. პოლიტიკოსმა საზოგადოებას პროტესტის ამ ფორმით გამოხატვისკენაც მოუწოდა.

მოქალაქეების ლიდერის ქმედებას მალევე მოყვა გამოხმაურებები სოციალურ ქსელსა და ონლაინ გამოცემებში. ფიზიკური ძალადობა ერთ-ერთმა პირველმა ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოიწონა. ნანუაშვილის მსგავსად, ჩხუბი ელისაშვილს პოეტმა ამაღლობელმაც მოუწონა. აქტიურობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. დეპუტატის ძალადობრივ ქმედებას პოზიტიური შეფასებები მოყვა ცნობილი ონლაინ გამოცემებისა და ჟურნალისტების მხრიდანაც. ფაქტი მხოლოდ შეკითხვის პასუხში დაგმეს პარლამენტში მყოფმა უფლებადამცველებმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომა ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მალევე განახლდა. მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის განხილვის გაგრძელებამდე თქვა, რომ ელისაშვილის პროვოკაციული თავდასხმა გარკვეული გეგმის ნაწილი იყო. 

საკანონმდებლო ორგანოსა და საკომიტეტო დარბაზში კოლეგის ქმედება, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმაც დაგმო.

ალეკო ელისაშვილი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში აღარ გამოჩენილა. პოლიტიკოსი გვიან ღამემდე აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

 

დღის ამბები