30 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
აღარავინ დარჩა დასავლეთში, ინსტიტუცია იქნება ეს თუ ცალკეული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გასაგებად არ ამბობდა, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება - ზურაბ ჯაფარიძე

პარლამენტის პლენარული სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის. პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან 12:00 საათზე აქვთ დაანონსებული.

საპროტესტო აქცია ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა აქციის მონაწილეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, უკვე იკრიბებიან პარლამენტის უკანა შესასვლელთან. სკვერში არიან განლაგებულნი სამართალდამცავები, რომლებიც წესრიგს იცავენ.

"კურიერი" ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გაესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ გეგმა არის უცვლელი და დღეს, 12:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ხოლო 19:00 საათზე უკვე პარლამენტის წინ - რუსთაველის 8 ნომერში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები და კანონპროექტს გააპროტესტებენ.

"ბუნებრივია, სამოქალაქო ეროვნული წინააღმდეგობა, მშვიდობიანი მოძრაობა, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ ამ დღეების განმავლობაში, გაგრძელდება. ვერ ჩაახშობს ამ ეროვნულ მუხტს? ვერავინ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კანონი არ აღსრულდეს, არ იქნეს მიღებული. რაც მთავარია, შემდეგ იყოს დემოკრატიული ტალღის, რომელსაც ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ, დემოკრატიულმა ძალებმა ჩაანაცვლოს ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდობიანად,“ - აცხადებს პარტიის "ახალი" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

ოპოზიციონერებმა გასული ღამის მოვლენები შეაფასეს, რა დროსაც დაშავდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და სამართალდამცველები, და ფაქტს მიუღებელი უწოდეს.

"ევროპული საბჭო არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც წელს შეიკრიბებიან, ასევე შეიკრიბებიან წელს დეკემბერში და დეკემბერში უნდა გადაწყვიტონ, რამე წინსვლა პროგრესი გვაქვს თუ არა და რაღაცით დაგვაჯილდოებენ თუ არა, თუ პირიქით, მოგვცემენ უარყოფით შეფასებას, ერთი და იგივე ხალხზეა ლაპარაკი. არ ვიცი განიხილავენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შემდეგ ამას, მაგრამ ისედაც ცხადზე ცხადია, არავინ აღარ დარჩა დასავლეთში, ინსტიტუცია იქნება ეს თუ ცალკეული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გასაგებად არ ამბობდა, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ამით დაიკეტება საქართველოს ევროპული გზა,“ - აცხადებს პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები