30 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონი პირველი მოსმენით მიღებულია - კენჭისყრამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა

ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. კენჭისყრამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა - ნაწილმა დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა, ნაწილმა - პარლამენტის თავმჯდომარის მითითებით. დარბაზში ვითარება სწორედ ამის შემდეგ განიმუხტა. კანონპროექტის ავტორს ჰქონდა შემაჯამებელი სიტყვაც. მამუკა მდინარაძემ ოპონენტების და პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რა გახდა საკანონმდებლო ინიციატივის მოტივი და რა არის მისი მიზანი.

საკითხის განხილვა სასესიო დარბაზში საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფონზე მიმდინარეობდა. დროშები დღეს პოლიტიკური განაცხადი იყო, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

დეპუტატების გამოსვლების პარალელურად, დარბაზში იყო ხმაური, შეძახილები და შეურაცხმყოფელი რეპლიკები. იყო მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებაც, რის გამოც რამდენიმე წუთით, ტექნიკური შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.

რატომ უწოდებენ კანონს რუსულს? - უმრავლესობა ისევ არგუმენტებს ითხოვდა, ოპოზიცია კი პროექტის უკან გაწვევას.

ოპოზიციას ჰქონდა მცდელობაც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცათ.

ლევან ხაბეიშვილი და მისი რამდენიმე თანაპარტიელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიანებით სხდომიდან გააძევა, თუმცა მანამდე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისევ ამტკიცებდნენ, რომ კანონი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. საპირისპირო არგუმენტები ჰქონდა ოპონენტების მისამართით უმრავლესობას.

რას ითვალისწინებს კანონი და რატომ არის პრობლემა ყოველწლიური დეკლარაციის შევსება მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის? - კანონპროექტის მომხსენებელმა ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა.

“გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს. კანონი იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.

დღის ამბები