გურამიშვილის გამზირზე, მეტრო "ღრმაღელეს" მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე დასრულდა. ჩაასხეს ბეტონის კედლები, სკვერის შესასვლელებთან მოეწყო ბაზალტის კიბეები.
პროექტის მიხედვით, 7 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, შესრულდება ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები. დარგავენ ხეებს და მცენარეებს. პროექტზე მილიონ 323 ათასი ლარი დაიხარჯება.