06 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდ დოლარს მოიცავს

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდ დოლარს მოიცავს. რამდენიმე თვით დაგვიანებული კანონპროექტი ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადადის ხელმოსაწერად.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც აღნიშნულ კანონპროექტის სასარგებლოდ მისცეს ხმა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რომელიც პოლიტიკას სცილდება.

"მადლობელი ვარ შეერთებული შტატების სენატის, რომ უკრაინისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება დაამტკიცა." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რამდენიმე ოლქში განგაში საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვის საცხოვრებელ შენობებზე რაკეტებით იერიში განახორციელეს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.

გასული დღის განმავლობაში, 51-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 240-ზე მეტი აფეთქება, შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

აფეთქებები დაფიქსირდა პოლტავისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებშიც.

რუსეთის განცხადებით, მისმა ძალებმა აიღეს კონტროლი ნოვომიხაილივკაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ისინი კვლავ აკონტროლებენ სოფელს. სოფელი ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, სადაც მძიმე ბრძოლები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.  

რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა "ტასი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

 

დღის ამბები