06 მაისი 2024,   08:46
ვრცლად
"აღმოაჩინე ჩეხური კინო მემკვიდრეობა" - საქართველოს ეროვნულ არქივში ჩეხური ფილმების კვირეული იწყება

ფილმი "კატა კასანდრა" ჩეხ რეჟისორ ვოიტეხ იასნის ეკუთვნის. ჩეხური კინოინდუსტრიის ამ შედევრს ხშირად ახალი ტალღის ყველაზე გავლენიან, მრავალფეროვან და ექსპრესიულ ნამუშევრადაც კი მოიხსენიებენ. ფანტასტიკის ჟანრის ეს ფილმი ერთ-ერთია იმ ათეულობით ნამუშევარს შორის, რომელიც რესტავრირებული სახით ქართველ მაყურებელთან შესახვედრად მზადაა.

"აღმოაჩინე ჩეხური კინო მემკვიდრეობა" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჩეხეთის კინოარქივთან თანამშრომლობით, ქართველი მაყურებელი სწორედ იმ ფილმებს ნახავს, რომლებმაც ჩეხეთის გასული საუკუნის კინემატოგრაფიაში გარდატეხა მოახდინეს.

ჩეხური ფილმების კვირეულის საქართველოში ჩატარების იდეა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაჩნდა. ეროვნული არქივი, უკვე, თითქმის ერთი წელია ამ დღისთვის ემზადებოდა. ორგანიზატორები ადგილზე მოსულ მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდებიან.

მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, ანიმაციები - ჩეხური ფილმების დღეები საქართველოში ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩეხეთის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული კვირეული ქართულ-ჩეხურ კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მომავალ წელს კი ქართული რესტავრირებული ფილმების ჩვენება პრაღაშიც იგეგმება.

ჩეხური ფილმების კვირეული 25 აპრილს დაიწყება და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები