07 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
პარლამენტთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გვიანობამდე გაგრძელდა - აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსვლელობა ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. საბოლოოდ, აქცია ისევ პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა შელაპარაკება. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ და მოძრაობა ხელოვნურად არ შეეფერხებინათ.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, იმ პირების იდენტიფიცირება მოხდება, რომლებიც გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავენ და დაჯარიმდებიან.

"ითვალისწინებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, ჯარიმას - 500 ლარს, რომელიც არის სასამართლოს განსჯადი, ეს აქციის მონაწილეებს ეხება, რაც შეეხება ორგანიზატორს, 5000 ლარია ჯარიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება გავაკეთე, რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ახლა ამის საჭიროება, რაოდენობიდან გამომდინარე, არ არსებობს. მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და შესაბამისად სასამართლო იმსჯელებს ", - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

აქციის ორგანიზატორის, გიორგი დუმბაძის განცხადებით, ბრძოლას არ შეწყვეტენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიონ.

"ეს იყო გადმოგდებული ანკესი იმისთვის, რომ მახეში გავეხვიეთ, თუმცა ამ პროვოკაციას, როგორც სხვა პროვოკაციას 11 დღეა, არ წამოვეგებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით, გავიტანოთ ბოლომდე", - განაცხადა გიორგი დუმბაძემ.

დღის ამბები