03 მაისი 2024,   12:59
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი 2016 წლის ანგარიშში სამართალდამცავ სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე საუბრობს

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, 2016 წლის ანგარიშში სამართალდამცავ სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე საუბრობს.

სახალხო დამცველის განცხადებით, 800-გვერდიან ნაშრომში ყურადღება დაეთმო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, დაკავებისას გამოყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ძალადობას, არასრულყოფილ დოკუმენტირებას, რაც, სახალხო დამცველის თქმით,  კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისთვის.

„სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს მსგავს საქმეებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულის რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ადამიანის უფლებები იზღუდება.

„მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ ანგარიშში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს და არსებული პრაქტიკის შესაცვლელად ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების რეგულაციის და ნარკოდანაშაულისთვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის განხილვას პარლამენტში 11 აპრილიდან დაიწყებენ. 

დღის ამბები