06 მაისი 2024,   07:42
ვრცლად
შოთა პაკელიანის ახლობლები პოლიციელების დასჯას ითხოვენ - გამაფრთხილებელი აქცია ისანი-სამგორის პოლიციასთან

შოთა პაკელიანის ოჯახს წევრები ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან 16:00 საათზე გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ისინი პოლიციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შოთა პაკელიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ და სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.

„ვითხოვთ იმ სამართალდამცველების დასჯას სასწრაფო წესით, გამოძიების დასრულებამდე უნდა მოხსნან ისინი თანამდებობებიდან აუცილებლად. ვითხოვთ მათ დასჯას სათანადოდ და საბოლოოდ დასრულდეს ეს წამების და დევნის ფაქტები,“ - განაცხადა შოთა პაკელიანის დამ, ნინო პაკელიანმა.

ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და აქციას უერთდებიან მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრებიც.

„თუკი არ შესრულდება მოთხოვნები, რომლებიც დააყენეს ოჯახის წევრებმა, ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ და კიდევ უფრო მასშტაბურ აქციებში გადავზრდით პროტესტს,“ - განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ, რომ შოთა პაკელიანის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

ამ დრომდე უცნობი რჩება რა მუხლით მიმდინარეობს მომხდარზე გამოძიება.

დღის ამბები