06 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები და თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატები

თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და პარტიებში უკვე თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობენ. ოპოზიცია დავით ნარმანიას მერობის განვლილ 3 წელიწადს, უმრავლესობისგან განსხვავებით, კატეგორიულად უარყოფითად აფასებს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც ღიად ამბობს, რომ მერობის სურვილი აქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატს, სავარაუდოდ პოლიტიკური მხარდაჭერაც ექნება. რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, უახლოეს დღეებში შეთანხმდებიან დაუჭირონ თუ არა მხარი მერის არჩევნებში ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას.

ელენე ხოშტარიას და ირაკლი აბესაძეს შორის, მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველო საბოლოო არჩევანს გამოკითხვების, პრაიმერის ან კარდაკარის პრინციპით გააკეთებს და 27 მაისს, ყრილობაზე გამოაცხადებს. გიგი უგულავას ახალი პარტიისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი პოლიტიკური გამოწვევა იქნება.

ნაციონალური მოძრაობის მერობის ყოფილი კანდიდატი, ამ პოსტზე ხელახალ კენჭისყრას აღარ აპირებს, თუმცა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანიას 3 წლიანი ბიოგრაფია სახელისუფლებო კანდიდატის გარდაუვალი მარცხის წინაპირობაა. პარტიაში ამ ეტაპზე 3 კანდიდატურა განიხილება.

გამორიცხული არ არის, რომ მმართველმა პარტიამ თბილისის მერის პოსტზე კვლავ დავით ნარმანია წარადგინოს. სახელდება კიდევ ორი კანდიდატი - ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, კალაძე პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საკრებულოს ღამის საათებში ხშირად სტუმრობს.

 

დღის ამბები