06 მაისი 2024,   07:08
ვრცლად
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები - იუსტიციის საბჭო პრობლემურ საგამოცდო სისტემაზე ფიქრს ახლა იწყებს

ახლო მომავალში საქართველოში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, რომლის ჩატარება ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.  აღსანიშნავია, რომ ტესტირების გარეშე ახალ მოსამართლეებს ვერ დანიშნავენ.

გამოცდების ჩატარება საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა და თანაც, ზუსტად ერთი წლის წინ გაირკვა, რომ ამ საბჭოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო გამოცდებზე ტესტების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა.

ეს ინფორმაცია მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაასაჯაროვა და მალევე დადასტურდა, რომ ერთ-ერთი გამოსაცდელის მიერ კაზუსზე გაცემული პასუხი, ტესტის შემდგენლის პასუხს სიტყვა-სიტყვით იმეორებდა. განსხვავება მხოლოდ რამდენიმე სიტყვასა და სასვენ ნიშანში იყო.

იუსტიციის საბჭომ შიდა მოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. წელიწადზე მეტი გავიდა და ისევ არ არის ცნობილი, რა გამოიძია პროკურატურამ.

ახალი, შეცვლილი წესების მიხედვით, საგამოცდო ტესტების მომზადება 12-კაციანი საექსპერტო კომისიას ევალება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღემდე არ შეუქმნია. ერთი წელია ცნობილია, რომ საგამოცდო სისტემას პრობლემა აქვს და იუსტიციის საბჭო მხოლოდ ახლა იწყებს გამოცდებზე ფიქრს.

სამი კვირის წინ სხდომაზე ლევან მურუსიძის მიერ შეთავაზებული ვარიანტიც განიხილეს, რომლის მიხედვითაც, თუ ტესტებზე მომუშავე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ვერ მოხერხდება, გამოცდები ისევ შარშანდელი სისტემით ჩატარდეს, საგამოცდო საკითხები ისევ ტენდერით შეიძინონ.

მოსამართლეთა საკითხებზე მსჯელობას იუსტიციის საბჭო მომავალ სხდომებზეც განაგრძობს.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები