03 მაისი 2024,   06:11
ვრცლად
პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში სწორი აქცენტი იყო დასმული.

პოლიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი პრეზიდენტს გუშინ არ უხსენებია, მათ შორის საარჩევნო სისტემა.

„გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, რომ პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა, თუ როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.

პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, გიორგი მარგველაშვილს გუშინ აუცილებლად უნდა ეხსენებინა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის პრობლემა.

„მან არ თქვა მთავარი პრობლემა და უბედურება, რაც ამ ქვეყანას აქვს დატეხილი, ეს არის არაფორმალური მმართველობა და ივანიშვილის ხუშტურები, როლითაც ქვეყნა იმართება,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გიორგი მარგველაშვილი არ გაუკრიტიკებია. მათი თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

„საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც პასაჟები არ იყო მკაფიო, არასერიოზულია იმიტომ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მან კომენტარი გააკეთა,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ.

ოპოზიციამ ხელისუფლება იმ შეფასებებისთვის გააკრიტიკა, რომელიც გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

 „ჩემთვის ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები და მთავრობის წევრები ერთმანეთის მიყოლებით გიორგი მარგველაშვილს,  საქართველოს პრეზიდენტს, გამოსვლის სიღრმეს უწუნებდნენ. მაინტერესებს, რომელ მათგანს აქვს ისეთი განათლება, ან აზროვნების ისეთი მასშტაბი, რომლის მიხედვითაც ისინი შეძლებენ პრეზიდენტის გამოსვლის სიღრმის შეფასებას,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრების აზრით, პრეზიდენტის გამოსვლისას ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა დაფიქსირდა.

„პრეზიდენტის გამოსვლისას ყველა ის პრობლემა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაშია, დაწყებული სოციალური მძიმე ვითარებიდან, დასრულებული გაბახებული სასამართლო სისტემით, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები