27 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
"დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი!" - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

“დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი!” - ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენა და მოუწოდა გადაუნაწილებელი მანდატების ხმების მოპარვაზე უარი თქვას.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო დაპირებების მცირე ნაწილი მაინც უნდა შეასრულოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რეჟიმს წალეკავს მისგან გამწარებული და მოტყუებული ხალხის მრისხანება, ხოლო ლეიბორისტული პარტია გადავა ბოიკოტის რეჟიმში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა ქვეყანას უკან ოფიციალურად დახევს.

„დღეს საქართველო, რომელიც არის დაგლეჯილი, დაქსაქსული, ყვავ-ყორნებისგან წაღებული, უპატრონოდ მიგდებული, იმის ბედნიერებასაც კი არ ფლობს, რომ აირჩიოს თვითონ ხალხმა საკუთარი ქვეყნის მეთაური და მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიგო ვინ ხელმძღვანელობს ჩვენს ე.წ. სახელმწიფოს - ბუჩქებიდან ხელმძღვანელობენ მას, კაბინეტებიდან ხელმძღვანელობენ, პრემიერია უფროსი, პრეზიდენტია უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარეა უფროსი, თუ შუშის სასახლეში ზვიგენებთან გამომწყვდეული კრემლის მატყუარა და თაღლითი ოლიგარქი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები