26 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
დისკუსიის დროს გამოენთო კაცი, რომელიც თავის დროზე იარაღით ხელში აუჯანყდა საკუთარ ქვეყანას - გიგა ბოკერია კვიციანზე

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის წევრთან, ემზარ კვიციანთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე განსხვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს. მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრებს არ სურთ დისკუსია და პატრიოტთა ალიანსი მათი სატელიტი პარტიაა.

„ახლაც ამ დისკუსიის დროს გამოენთო კაცი, რომელიც თავის დროზე იარაღით ხელში აუჯანყდა საკუთარ ქვეყანას და მერე შეიფარეს ჯერ სოხუმში, აფხაზმა მარიონეტებმა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე გააკრიტიკა სუს-ის უფროსი, რომელმაც გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში წარადგინა. ბოკერია წუხილს გამოთქვამს, რომ ვახტანგ გომელაურს სათქმელი არაფერი ქონდა.

„ძალიან აშკარა იყო, რომ ჯგუფი, რომლებიც არიან სატელიტები ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი, ოცნების, რომელიც ხელოვნურად გაიყვანეს პარლამენტში ხელოვნურად დაწევით ბარიერის მათთვის,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერია გუშინვე, პარლამენტში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც გავრცელებელი ინფორმაციით, უკვე დღის მეორე ნახევარში, დეპუტატების ოთახში მოხდა. როგორც ცნობილია, გუშინ დაშავდა უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე.

ევროპული საქართველოს წევრი აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებს შორის ჩხუბი არ მომხდარა. მან დაამატა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის ესროლა საფერფლე, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ განხილვას თავი აარიდა ქართულმა ოცნებამ.

„საკუთარ დაქირავებულ კლოუნებს ავალებ ასეთი არეულობა დაიწყოს და მერე აგრესიულად იქცევი, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები