27 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი კვლავ უცნობია

საქართველოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. მთელი ღამის განმავლობაში გურიის რამდენიმე რაიონი სტიქიას ებრძოდა. ოზურგეთში წაქცეულმა ხეებმა ჩახერგა გზები და სახლები დააზიანა.

გურიის ნაწილი წუხელ ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. გურიაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ზარალი რამდენიმე ათეული მილიონს გადააჭარბებს.

სტიქია იყო აჭარაშიც. ძლიერი ქარის გამო ხელვაჩაურის რაიონში განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

სტიქიის კიდევ ერთი ზონა სამეგრელოა. წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს ღამის გათენება ღია ცის ქვეშ უწევს. სამეგრელოში აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა ადგილობრივებს მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი ძალებით უწევდათ სტიქიასთან ბრძოლა.

სტიქიის გამო გათიშული ელექტროენერგია თითქმის ყველა რაიონულ ცენტრსა და სოფელში უკვე ჩართულია. კომპანია ენერგო-პრო ისევ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, სინოპტიკოსები ძლიერ ქარს ამ ღამითაც ვარაუდობენ.

ავტორი: ემა გოგოხია, თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები