04 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
ქვეყნის პატრიოტების დაკავება... პოლიტიზირებული სასამართლო - ოპოზიცია ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას აფასებს

ხელისუფლება, რომელმაც რუსი ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან, აკავებს ქვეყნის პატრიოტებს- ეს განცხადება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მინაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილი წევრის მიმართ წაყენებული ბრალი - ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზება, არის უსაფუძვლო და ემსახურება პოლიტიკურ დევნას.

„ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გამოუშვა რუსი ჯაშუშები. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გმირად გახადა ლადო ბედუკაძე, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც წითელი ხალიჩები დაუგო კრიმინალურ ავტორიტეტებს, კანონიერ ქურდებს. ჩვენ გვახსოვს "რემენას" ჩამოსვლის ამბავი საქართველოში და ამის საპირისპიროდ ეს არის ხელისუფლება, რომელიც აკავებს ქვეყნის პატრიოტებს, საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს. ჩვენ ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ დროს დავიცავთ ჩხვირკიას უფლებას. ასეთ მოქმედებებს ქართული ოცნების, ასეთ მოქმედებებს ბიძინა ივანიშვილისას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი,“-აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.

ირაკლი ჩხვირკიას თანადგომას უცხადებს ევროპული საქართველოც. დღეს საგანგებო ბრიფინგზე პეტრე ზამბახიძემ სასამართლოს პოლიტიზირებულობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ პოლიტიზირებული სასამართლო და შერჩევითი სამართალი, როდესაც ირაკლი ჩხვირკია დააკავეს და დღეს წინასწარ პატიმრობაშია, მაშინ როდესაც ის ამ პროცესში შეიძლება ითქვას საერთოდ არ მონაწილეობდა და მხოლოდ განცხადებით იყო შემოფარგლული. ბუნებრივია გამოძიებას ვერანაირი  მტკიცებულება ვერ ექნება. ეს იყო პირდაპირი მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ აგრძელებს პოლიტიკურ დევნას და პოლიტიზირებული სასამართლოა ქვეყანაში,“-განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

დღის ამბები