27 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორი პროკურატურის მოწმეთა დაცვის პროგრამაში არ ჩაერთვება

ელისო კილაძე ქართული ოცნების შეთავაზებაზე უარს ამბობს. ქრონიკა პლუსის რედაქტორი პროკურატურის მოწმეთა დაცვის პროგრამაში არ ჩაერთვება. მმართველი გუნდი ჟურნალისტის მიმართ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილისა და უწყების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, პროვოკაციებს არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს პროვოკაციის ერთ-ერთ სავარაუდო ორგანიზატორად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა.

ქრონიკა პლუსის რედაქტორი უმრავლესობის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ პროვოკაციას მმართველი გუნდისგან ელოდება. ელისო კილაძე დარწმუნებულია რომ, პროკურატურის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა ხელისუფლებას მის გასაკონტროლებლად სურს.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიცია ხელისუფლებას სუს-ის უფროსის მოადგილის ქონების გარშემო მიმდინარე სკანდალის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და იოსებ გოგაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ თალაკვაძის განცხადებას ევროპულ საქართველოშიც. ოპოზიცია იოსებ გოგაშვილის მიერ შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. უმრავლესობის წევრი დეპუტატები კი, გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავენ და აცხადებენ რომ, გოგაშვილის ქონების შესახებ გავრცელებული დოკუმენტები გაყალბებულია.

 

დღის ამბები