27 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
ევაკუაცია ზესტაფონის ქუჩაზე - საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი კოლონა გაბზარულია

ამ წუთებში ზესტაფონის ქუჩის 19ა-ში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ შენობის ერთ-ერთი კოლონა გაიბზარა, რის გამოც ადგილობრივების შენობაში დარჩენა საფრთხეს წარმოადგენს. 

ზესტაფონის ქუჩაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ადგილზე იმყოფებიან გამგეობის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ევაკუირებულ მოსახლეობას სახელმწიფო ხარჯებით დროებით სასტუმროში განათავსებენ. 

„სამხარაულის ექსპერტიზის და მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისევ და ისევ მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მომხდარიყო მათი ევაკუაცია. სამუშაოების მიმდინარეობს, ერთი კვირის თავზე გვეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია, როდის და რანაირად გაგრძელდება სამუშაოები. მოსახლეობას თუ ვინმეს აქვს დარჩენის პრობლემა, დღესვე გაყვანილი იქნება სასტუმროში,“ - განაცხადა თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ. 

მოსახლეობის ნაწილი სახლში დარჩენას გეგმავს და მათ ამის უფლებას სავარაუდოდ ხელწერილის საფუძველზე მისცემენ. 

კორპუსის მაცხოვრებლები ფიქრობდნენ, რომ რყევა მიწისძვრის გამო იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები დღეს არ ყოფილა.

შენობა, რომელიც უკვე ავარიულია 1983 წელს აშენდა, ექსპლუატაციაში კი 1985 წელს შევიდა. კორპუსი 16-სართულიანია და მასში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

დღის ამბები