27 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე კენჭისყრა გადაიდო

ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე კენჭისყრა გადაიდო. იუსტიციის უამღლესი საბჭო რამდენიმე დღეში შეიკრიბება. საბჭოს თითქმის ყველა წევრი ფიქრობს, რომ მოსამართლეები უვადოდ ახალი რეგულაციის მიხედვით უნდა დაინიშნონ, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ხელახლა უვადოდ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე უნდა გამწესდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი კი მიიჩნევს, რომ ლევან მურუსიძემ და კიდევ ერთმა წარდგენილმა კანდიდატმა მოსამართლედ უვადოდ დანიშვნამდე ძველი რეგულაციის მიხედვით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა სრულად უნდა გაიარონ.

„ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა ვრცელდება ამ ნორმის შემდეგ მიღებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თუ ეს ნორმა უნდა გავრცელდეს ამ ნორმამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ეს იმავე კანონით, რომლითაც ნორმაა მიღებული, უნდა იქნეს დარეგულირებული, უნდა ჰქონდეს უკუქცევითი ძალა მინიჭებული. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმას არ აქვს სამართლებრივი ძალა და წინარე სამართლებრივ ურთიერთობაზე მისი გავრცელება სამართლებრივი კოლიზეა იქნება,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა.

ამის თაობაზე საკუთარი არგუმენტები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ევა გოცირიძესაც აქვს, თუმცა ის ამჯერად ამ არგუმენტებს არ აჟღერებს.

„მე მაქვს ჩემი არგუმენტები, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თავს შევიკავებ დღეს ამ არგუმენტებზე საუბრისგან. საბჭომ ამ საკითხის განხილვა გადადო, რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებას და მაშინ დამერწმუნეთ, რომ არ მომერიდება ჩემი მოსაზრებები მოგახსენოთ,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები