08 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
ოპოზიცია საერთო სახალხო განხილვების დროს დისკუსიაში ჩაერთვება

საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებული საერთო სახალხო განხილვების პარალელურად საყოველთაო განხილვების დამოუკიდებლად ჩატარებას გეგმავენ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, რომელთათვისაც შემოთავაზებული ცვლილებები მიუღებელია.

პოლიტიკოსების თქმით, მმართველი გუნდის მიერ ქუთაისში დაგეგმილი შეხვედრის დროს ისინი კითხვის დასმის უფლებას მოითხოვენ და შეეცდებიან საკუთარი არგუმენტები წარადგინონ.

პოლიტიკური სუბიექტები თბილისში კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვდებიან მოსახლეობას და გააცნობენ თავიანთ შეხედულებებს.

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე, საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებულ სახალხო განხილვებს „ფორმალურ ვოიაჟად“ მოიხსენიებს. თუმცა, მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისგან თავის დაზღვევის მიზნით, თავადაც ექნებათ საზოგადოებასთან კონტაქტი.   

ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას თქმით, პარტია დამოუკიდებლად ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში და ასევე ითანამშრომლებს დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ საზოგადოების სრული ინფორმირება მნიშვნელოვანია.

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, საზოგადოებასთან დიალოგის აქტიურად წარმართვის მომხრეა.

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე, ქართულ ოცნებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსიის ნაკლებობაში ადანაშაულებს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, აცხადებს, რომ საპარლამენტო კომისიის მიერ ჩატარებულ განხილვებში ისინიც ჩაერთვებიან და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. 

დღის ამბები