27 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
"კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს" - "რესპუბლიკელები" პლებისციტის ინიციატივას უერთდებიან 

რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს მიერ პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას უერთდება. 

პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას.

რესპუბლიკელთა განცხადებით, კონსტიტუციაში ასეთი მასშტაბური ცვლილების გატარება არ უნდა ხდებოდეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

"საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლირიკური პარტია მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს ინიციატივას დაინიშნოს პლებისციტი - საერთო სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა აზრის გასაგებად. 

"მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით), თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი (აღებული ხმების პროპორციულად)," - ნათქვამია განცხადებაში. 

რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა პოზიციის გათვალისწინების გარეშე, მსგავსი სახის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნქციას, ვერ შექმნის დემოკრატიულ გარემოს.

"პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები," - აცხადებენ რესპუბლიკურ პარტიაში.   

ამავე თემაზე
დღის ამბები