27 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
შეხვედრები ტრამპთან - სერგეი ლავროვის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტები აშშ-ში ერთმანეთს დაემთხვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტს ემთხვევა. ქართული დელეგაცია ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის თემებს განიხილავს.

„დაემთხვა ისე, რომ ბატონი ლავროვი ბრძანდება აქ, ხვდება იგივე პირებს და ალბათ მას ექნება თავის საკითხები განსახილველი. ჩვენი შეხვედრების დროს საუბარი იყო ჩვენს პრობლემებზე, გარდა იმისა, რომ საქართველო როგორც პრაგმატული აქტორი, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი პრობლემები რუსეთთან, ტერიტორიული მთლიანობა. ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ეს ყველაფერი დაფიქსირდა საუბრების დროს და ჩვენ მივიღეთ დაპირება და მე დარწმუნებული ვარ, საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში  ჩვენი ქვეყანა მუდმივად იქნება,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების პროცესში.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო მასშტაბით,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის შემდეგ პირველად სერგეი ლავროვი შეერთებულ შტატებში ჩავიდა და ჯერ მოლაპარაკებები სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან გამართა, შემდეგ კი თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა მიიღო. ორი დღის წინ კი, დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში საქართველოს პრემიერმინისტრი მიიღო. 

დღის ამბები