03 მაისი 2024,   05:34
ვრცლად
ოპოზიცურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდმა გაუნაწილებელ მანდატებზე იკამათეს

საქართველოს პრეზიდენტმა გორში საყოველთაო განხილვებში მონაწილეობისას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევის წესზე ისაუბრა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საკითხზე საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა კონსესუსს მიაღწიონ.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი სისტემა ძალდატანებით არ უნდა "გამოუწეროს".

ამასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა ურთიერთგანსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. მათ შორის, კამათი ისევ მათემატიკის განსხვავებულად ცოდნას მოჰყვა.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს, რომ როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის მინიმალური სხვაობაა ხმების მიხედვით, მისთვის გაუგებარია, რატომ იღებს პირველ ადგილზე გასული პარტია ხმათა უმრავლესობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრი, ირმა ინაშვილი, ქართულ ოცნებას მიმართავს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი გაუნაწილებელი მანდატების მითვისებას ცდილობს.

„ამ ორი ვაშლის აღება, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, აღება, ეს არის მითვისება, ხმების მითვისება,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62 პროცენტი მიიღო, ხოლო სხვა კანდიდატებმა ჯამში 38 პროცენტი. მან მიმართა პრეზიდენტს კითხვით, ამ დროსაც უნდა მომხდარიყო თუ არა კომპეტენციების განაწილება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ გაუნაწილებელი მანდატების „მითვისება“ სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული ვარიანტია. 

დღის ამბები