02 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
რუსთავში ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება

ამ წუთებში რუსთავში, ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა იწყება. ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და სხვა პოლიტიკოსები უკვე შეიკრიბნენ. დღევანდელ განხილვას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, არ ესწრება.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ირმა ინაშვილი, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი საზოგადოებას შეხვედრამდე ბეჭდური სახით უნდა მიეწოდებინათ, რათა დამსწრეები ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყვნენ და ასევე, უმჯობესი იქნებოდა, რომ განხილვებს ძირითადად ქართული ოცნების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

„არის მინუსები, არის პლიუსები, ორივე უნდა ითქვას. ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრების წინ არ გავრცელდა ნაბეჭდი სახით კონსტიტუციის პროექტი, მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ამ დარბაზებში იკრიბებოდა, არ იცოდა რა წერია და ზეპირად უყვებოდნენ მათ, მეორე, ძირითადად მაინც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იკრიბებიან დარბაზში, ქართული ოცნების წარმომადგენლები და უფრო ფართო ფორმატი უნდა ყოფილიყო,“-აცხადებს ირმა ინაშვილი.

სახალხო განხილვის დაწყებამდე პოლიტიკოსებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებზეც განხილვის დროს ყურადღებას გაამახვილებენ.

„ძირითადი საკითხები ცნობილია, რაზეც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები, ეს ეხება, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემას და ე.წ. ბონუს მანდატების გადანაწილების წესს, რომელიც აბსოლუტურად არასამართლიანია. ეს ეხება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საკითხს და ასევე არის სხვა შეკითხვებიც, რომლებიც სასამართლო სისტემას, სახალხო დამცველის აპარატსა და პარლამენტის ადგილსამყოფელს ეხება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა.

უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსთავში შეხვედრა ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც სხვა ქალაქებში. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ დღევანდელ განხილვაზე კრიტიკული კითხვები იქნება.

„აქ იქნებიან ამ ქალაქის, ამ რეგიონის წარმომადგენლები, ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ მათ და შევეცდებით ამომწურავი პასუხები გავცეთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონსტიტუციის სახალხო განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შეკითხვები ძირითადად პრეზიდენტის არჩევის წესთან, საარჩევნო სისტემასთან და ქვეყნის მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით აქვთ. 

დღის ამბები