27 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძეც არ ენდობა პროკურატურას? - მაია მწარიაშვილი თორდიას საქმეზე

თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე მომხდარ ძალადობის ფაქტს არჩევანის ეთერში ეხმიანება. მაია მწარიაშვილი პროკურატურის გამოძიებით უკმაყოფილოა.

ის მთავარი პროკურორის ადვოკატების მიერ დღევანდელი პრესკონფერენციის ჩატარებაში „შოუს“ დადგმის მცდელობას ხედავს. მისი თქმით, ფარცხალაძის ადვოკატების მიერ მოყვანილი დოკუმენტები არ არის მტკიცებულებები და გამოძიებაში არ მოხვდება.

„ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძეც არ ენდობა პროკურატურას? ანუ მისი ქცევის სტანდარტი სხვა არის, სხვა არის იმ ადმიანის ქცევის სტანდარტი, ვინც არ ყოფილა მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მუშაობდეს აუდიტორიაზე, თუნდაც ყოფილი მთავარი პროკურორი,“ - აცხადებს მაია მწარიაშვილი.

მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ თვითდაზიანების ვერსიის გახმოვანება ყოფილი პროკურორის მხრიდან არასერიოზულია. მისი თქმით, ლაშა თორდიას მიერ აღწერილ შემთხვევაზე გამოძიება 351-ე პრიმა მუხლით უნდა მიმდინარეობდეს. მან აღნიშნა, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებების მოგროვება საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი თქმით, მთავარია მოტივი.

მაია მწარიაშვილმა პროკურატურას და მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, გამოძიების სწორად წარმართვისკენ მოუწოდა.

„შოთაძეს დღეს აქვს ძალიან რთული ამოცანა, მან უნდა გადაწყვიტოს, დარჩეს ფარცხალაძის მეგობრად და, ვთქვათ, ადამიანური ვალი დაუბრუნოს მას, თუ დაგვანახოს, რომ არის ამ ქვეყნის მთავარი პროკურორი. ეს ძალიან რთული ამოცანაა,“ - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფარცხალაძემ პროკურატურის გარდა, საკადრო გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტსა და ფინანსურ პოლიციაში მოიპოვა.

დღის ამბები