14 ოქტომბერი 2019,   11:09
ვრცლად
ოფიციალური თბილისი გერმანელი დიპლომატისგან განმარტებებს ელოდება

ოფიციალური თბილისი გერმანელი დიპლომატისგან, ჰერბერტ ზალბერისგან განმარტებებს ელოდება. სკანდალური განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ოკუპირებულ ცხინვალში გააკეთა, სადაც მას საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი პირადად მასპინძლობდა. ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე, რომელიც ფაქტობრივად აღიარების ტოლფასია, თავის მართლება დღეს ევროკავშირის ელჩს მოუწია.

იანოშ ჰერმანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

რა რეაგირება მოჰყვება, საგარეო უწყებაში არ საუბრობენ და არ აკონკრეტებენ, მოითხოვენ თუ არა ზალბერის ჟენევის დისკუსიებიდან ჩამოშორებას. ოპოზიცია კი, მთავრობას დიპლომატის მოლაპარაკებების ფორმატიდან ჩამოცილების დაყენების მოთხოვნისკენ მოუწოდებენ.

სკანდალური განცხადების ავტორი დღეს მისი ევროპელი კოლეგისგან განსხვავებით, ტელეკამერებთან არ გამოჩენილა. ჰერბერ ზალბერი ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება და იქ მართავს შეხვედრებს.

გერმანელი დიპლომატი თბილისში პარასკევს ჩამოვა. იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური თბილისი მას არამეგობრულ განცხადებას არ აპატიებს, არაა გამორიცხული, მის ოფისში ზალბერის ადგილი სხვა დიპლომატმა დაიკავოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები