27 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი პაპუაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა

ევროსასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი პაპუაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. პაპუაშვილის თქმით, კომისიის შემადგენლობა სახელისუფლებლო გუნდის მხრივ არ შეცვლილა და ამასთან ერთად არც გასაჩივრების პროცედურაა გამჭვირვალე და ნათელი.

სწორედ ამ ორი მიზეზით განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კანდიდატურის მოხსნას და აღნიშნავს, რომ გასაუბრების ეტაპზე გასვლას აზრი არ აქვს. 

„დღემდე არ ვიცით და არ არის ჯერ რეგლამენტირებული, არ შემოუღიათ არც ინტერესთა კონფლიქტების, არც გასაჩივრების მექანიზმები, მოკლედ, ობიექტურად წარმართვის არცერთი შანსი არ არის ჩემთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემი მხრიდან იქნებოდა სრული უაზრობა, მონაწილეობის მიღება,“ - აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.

გიორგი პაპუაშვილის მიერ მისი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მესამე სექტორში განცხადებები გაკეთდა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ არ გააჩინოს წინა კონკურსის მსგავსი კითხვები და პოლიტიკური ნიშნით არ შეარჩიოს კანდიდატები. განცხადება ასევე გააკეთა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და განაცხადა, რომ სტრასბურგის მიერ გაცემული რეკომენდაციები ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

ევროსასამართლოს მოსამართლეობისთვის გასაუბრების ეტაპზე გადასული 23 კანდიდატის გასაუბრება შაბათს და კვირას გაიმართება. კომისიას იუსიტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გაუძღვება. კომისიის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან მთავრობა 3 მათგანს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგენს.

 

დღის ამბები