04 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა - გიორგი კვირიკაშვილი

არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. პრემიერმა წვევამდელებს, საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც ასეთ საზეიმო დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში.

"არ არსებობს იმაზე მეტი პატივი ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი ჯარისკაცების სახელს. ჩვენო ჯარისკაცებო მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ქვეყნის ზნეობრივ კოდექსად იქცა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო მეტი თავდადება იმისთვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შიდა და საგარეო კურსზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებისკენაა მიმართული.

„დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროპამ გაუღო კარები და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დღე, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

დღის ამბები