27 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
გლდანში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

გლდანში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ახმეტელის თეატრში შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იკამათეს. საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით დასმული კითხვების უპასუხოდ დატოვებას მოჰყვა.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის კამათი კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების გარკვევასაც მოჰყვა.

„შიშებში ხართ. არ ელაპარაკებით აფხაზებს, არ ელაპარაკებით ოსებს, ჩვენს ძმებს. მეტია საჭირო, ძალიან დიდი პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ეს უნდა ჩაწეროთ კონსტიტუციაში და ბომბები კი არ უნდა ჩადოთ,“ - მიმართა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმა, უმრავლესობის წევრებს.

რაზეც პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, უპასუხა, რომ მმართველი გუნდის მიერ გატარებულ პოლიტიკას საზოგადოება კარგად ხედავს.

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გლდანის გარდა საბურთალოზეც გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე საბურთალოს მოსახლეობასთან ისაუბრეს. მმართველი გუნდის და ოპოზიციის მხრიდან აქცენტი სარჩევნო სისტემაზე გაკეთდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საკმაოდ მწვავე კითხვები მოისმინეს შეხვედრაზე. 

დღის ამბები