03 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
ჯეჯელავას კერძო ორგანიზაციამ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან 300 000 ლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვიცეპრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიერ დაფუძნებულმა მართვის აკადემიამ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 300 000 ლარზე მეტი ღირებულების ანაზღაურება მიიღო.

ვიცეპრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას კერძო ორგანიზაციას, მართვის აკადემიასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცის ჟურნალი ბათუმელები აქვეყნებს.

ჯეჯელავას კერძო ორგანიზაციას ბოლო პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს.

მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ტრენინგებისთვის მართვის აკადემიამ   სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოსგან, დაახლოებით, 235 000 ლარის ანაზაღურება მიიღო.

ამ ინფორმაციას ჟურნალი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლების მინისტრისა და ვიცეპრემიერის მართვის აკადემიასთან თანამშრომლობდა ეროვნული ბანკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ალექსანდრე ჯეჯელავა გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ადასტურებს, თუმცა შესაძლო კორუფციასა და მისი აკადემიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას გამორიცხავს.

ოპოზიციურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები შესაძლო კორუფციული შეთანხმებების შესახებ ეჭვის საფუძველს იძლევს.

დღის ამბები