07 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას მიესალმება - უმრავლესობაში გარკვეულ ცვლილებებზე საუბრობენ

ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე ვენეციის კომისიის პირველად დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებს. უმცირესობაში განსაკუთრებულად ხაზს მანდატების გადანაწილების საკითხს უსვამენ.

„ვენეციის კომისიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ იმ საკითხებზე გამოთქვა უმკაცრესი კრიტიკა, რაც აწუხებდა ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, ანუ ჩამოყალიბდა ვითარება - ერთ მხარეს არის, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვენეციის კომისიაც და მეორე მხარეს - ივანიშვილის გუნდი,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ.

დასკვნაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე ოპოზიცია განმარტავს, რომ ეს მათთვის ქვეყნის მთავარსარდლის პირდაპირი წესით არჩევაზე ირიბი მოწოდებაა. 

„ნათქვამია, რომ პრეზიდენტს უდნა ჰქონდეს დამაბალანსებელი ფაქტორის ფუნქცია ქვეყანაში, რაც აქვს დღევანდელი მდგომარეობით. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი არჩევის უფლება არის ირიბად მოწონებული,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე კი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება საჭირო იქნება, თუმცა არა მანდატების გადანაწილების საკითხში.

„მანდატების გადანაწილების პარალელურად კიდევ მიდის საუბარი საერთოდ მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნებაზე, რაზეც ვერცერთი კომისია წინააღმდეგ ვერ წავა, იმიტომ რომ საერთოდ მაჟორიტარულ არჩევნებს, როგორც საარჩევნო სისტემას, არ შეიძლება ვინმემ ხარვეზიანი უწოდოს,“ - განაცხადა გედევან ფოფოხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები