05 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება

ვენეციის კომისიის დახურული დოკუმენტის გასაჯაროება პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზია. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ექსპერტების პირველადი დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მხოლოდ პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და ღიად მიანიშნა, რომ წინასწარი დასკვნის გამოქვეყნებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ჩართული.

გიორგი მარგველაშვილის სახელით განცხადება საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. ანა დოლიძე ვენეციის კომისიის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დახურული დოკუმენტის გადაგზავნას უარყოფს. პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს საპარლამენტო მდივანმა იმ შენიშვნების გათვალისწინება ურჩია, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დოკუმენტში საერთაშორისო ექსპერტებმა მიუთითეს.

ის, რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმრავლესობას მსჯელობას ურჩევს, პროექტში კომისიის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს უკავშირდება. ვენეციის კომისიას საარჩევნო სისტემაზე 3 რეკომენდაცია აქვს. ექსპერტები გადანაწილებული მანდატების პროპორციულად განაწილებას, 5%-იანი ბარიერის 2 ან 3 %-მდე შემცირებასა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენას ითხოვენ. უმრავლესობაში უკვე ადასტურებენ, რომ მესამე რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და ამაზე მმართველ გუნდში შეთანხმება უკვე არსებობს. ქართული ოცნება 5%-იან ბარიერის დაწევას არ აპირებს.

პარლამენტმა დღეს საკომიტეტო ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პირველი მოსმენით მუშაობა დაასრულა. მომავალ კვირას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია პროექტზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

დღის ამბები