05 მაისი 2024,   12:45
ვრცლად
ამ წუთებში ნიუ-იორკის სასამართლო დაკავებული ქართველების წინასწარი პატიმრობის შესახებ მსჯელობს

ამ წუთებში ნიუ-იორკის სასამართლო დაკავებული ქართველების წინასწარი პატიმრობის შესახებ მსჯელობს. სასამართლო დარბაზში ქართველი სპორტსმენებიც იმყოფებიან, რომლებმაც შესაძლოა, საპატიმრო უახლოეს საათებში დატოვონ. ამის შესახებ განცხადება მათმა ადვოკატმა გააკეთა. სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების პატიმრობის საკითხიც. თუმცა სავარაუდოდ დაკავებების სერია შეერთებულ შტატებში ამით არ დასრულებულა, კრიმინალური დაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულებებში ედებათ ბრალი ჯერ კიდევ იძებნებიან.

ამერიკაში დაკავებული ქართველებიდან ერთ-ერთი, მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც მეორე დღეა პატიმრობაში იმყოფება, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. განცხადებაში, რომელიც დღის ბოლოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბრალდებული ქართველი სპორტსმენი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ვითარების გარკვევას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც მედიით ვრცელდება. რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულების ნაწილისთვის წინასწარი პატიმრობის საკითხი უნდა გადაწყდეს 2 საათის წინ დაიწყო.

დაკავებული სპორტსმენების, ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის გარდა, უახლოეს საათებში, სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის წინასწარი პატიმრობის შესახებ მიიღებს. მათ შორის არიან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები. დაჯგუფების ლიდერად ამერიკელი სამართალდამცველები რაჟდენ შულაიას, იგივე, რაჟდენ პიტერსკის ასახელებენ. ბრალდებულებს შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი აკაკი უბილავაც. ამერიკელმა სამართალდამცველებმა, საერთო ჯამში 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბადისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები