27 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
თბილისის სასულიერო აკადემიის მძიმე პირობები და კითხვები აკადემიისთვის გამოყოფილ თანხებზე

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის აუდიტორიებსა და პანსიონში არსებულ ვითარება - ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მძიმე პირობებს ასახავს. სტუდენტებმა ფოტოები თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ირაკლი ჯინჯოლავას, გერმანიაში გადაუგზავნეს. ფოტოები სწორედ მან გაასაჯაროვა.

სწორედ მძიმე პირობებში უწევთ განათლების მიღება მომავალ თეოლოგებს, ღვთისმეტყველებს და სასულიერო მამებს. თუმცა, სასულიერო აკადემიის სტუდენტებს იქ არსებული ვითარების შესახებ საუბარი არ სურთ. ბევრი მათგანი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ერთადერთი, ვინც კომენტარის მიცემაზე დათანხმდა, ყოფილი კურსდამთავრებული, ლადო წითლიძეა. P.S-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად მის გამოჩენას აკადემიაში უსიამოვნება მოჰყვა.

გერმანიაში უმაღლესი რელიგიური სკოლის კიდევ ერთი სტუდენტი, ზვიად ცაბაძე, აკადემიის ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებო პრობლემებზე დაუფარავად საუბრობს.

პანსიონში სტუდენტები კომუნალური ტიპის სახლში მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობს. 44 სტუდენტს მხოლოდ ერთი აბაზანა აქვს, ტუალეტს კი სტუდენტები იქ მცხოვრებ 18 ოჯახთან ერთად ინაწილებენ.

p.s-ის გადამღებ ჯგუფს მხოლოდ რამდენიმე ოთახის გადაღების საშუალება მისცეს.

მიუნხენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორანტი, ირაკლი ჯინჯოლავა, ამბობს, რომ სემინარიაში სტუდენტები სათანადო განათლებას ვერ იღებენ.

დეკანოზი მამა შალვა კეკელია განმარტავს, რომ აკადემია სხვა შენობაში უნდა გავიდეს და ბიუჯეტს დღეს არსებული სასულიერო აკადემიის გარემონტებისთვის არ ხარჯავენ და სასულიერო აკადემია მეცხრე საავადმყოფოს ყოფილი ტერიტორიაზე გადავა.

სტუდენტებმა საკითხები რექტორატის წინაშე არაერთხელ დააყენეს, მაგრამ მათ "ეკლესიის მტრები" უწოდეს.

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი 

დღის ამბები