27 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - საპარლამენტო ოპოზიციამ საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროსასამართლოში ვიზიტი შეახსენა

ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ძირითად საკითხზე ესაუბრა. საპარლამენტო ოპოზიციის კითხვები შეეხებოდა რუსთავი 2-ის საქმის განხილვის წინ მიხეილ ჯანელიძის სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარესთან ვიზიტს.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრს სტრასბურგში რუსთავი 2-ის საქმის დროებითი შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე ვიზიტი გაახსენა. ოპოზიციის წარმომადგენელს აინტერესებდა, თუ რა მოტივით იმყოფებოდა სტრასბურგში მინისტრი.

პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის მოსამართლეებთან საუბრის შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ მინისტრებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოსამართლეებთან კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეთ. ოთარ კახიძემ მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ მინისტრის სტრასბურგში ვიზიტით გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო იდგა რუსთავი 2-ის საქმის წარმართვის უკან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ორივე პარლამენტარს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარესთან ვიზიტი არ იყო დაკავშირებული არცერთ კონკრეტულ საქმესთან.

„ჩემი ვიზიტის ფარგლებში მე ვისაუბრე იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპის საბჭოსთან, მათ შორის, ვისაუბრე იმ რეფორმებზე, რომელიც ჩვენ გავქვს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე. 

დღის ამბები