11 მაისი 2024,   20:52
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა - პარლამენტის თავმჯდომარე დადებით, ოპოზიცია კი კრიტიკულ შეფასებებზე საუბრობს 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის დასკვნას.

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პროექტი დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას აყალიბებს და ეს ევროპელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამ დასკვნის შინაარსის თაობაზე და ვიცოდით ის თუ რა აისახებოდა ამ დასკვნაში. ამ დასკვნაში აისახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თვეების განმავლობაში, კერძოდ ის, რომ არსებული დოკუმენტი, ახალი რედაქცია კონსტიტუციის არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წარმატება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში მოყვანილი შენიშვნები მანდატების გადანაწილების წესსა და ბლოკების აკრძალვასთან მიმართებაში გათვალისწინებული არ არის.

„ქართულმა ოცნებამ", რომელიც უსამართლო სისტემების მეშვეობით ეპოტინება ძალაუფლებას, არჩია, რომ 2020 წლისთვის შეინარჩუნოს არსებული უსამართლო შერეული სისტემა. მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის, მაგრამ ისინი მაინც დამარცხდებიან 2020 წელს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა,“ - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციის ახალ რედაქციას, სახელმწიფო ინტერესების საზიანოს უწოდებს.

„ეს კონსტიტუცია არაფრად არ წაადგება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. აქ გაკრიტიკებულია როგორც მანდატების გადანაწილების წესი, ასევე ბლოკების აკრძალვა და სხვა დანარჩენი რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო არბიტრი კონსტიტუციის არის ქართველი ხალხი,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ევროპელი ექსპერტები კვლავ იმეორებენ საკუთარ რეკომენდაციას, მანდატების განაწილებასთან და ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. მასში ყურადღება პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკებზეა გამახვილებული და აღნიშნულია, რომ აუცილებელია, მომავალში ყურადღება მიექცეს ძალთა ბალანსის გაძლიერებას.

დასკვნა ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასაც.

"უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლამ არ შექმნას საფუძველი მუდმივად უმრავლესობის კანდიდატის გამარჯვებისთვის," - ნათქვამია დასკვნაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები