05 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
პრეზიდენტის შვილის კიდევ ერთი მეგობრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის შვილის და სიძის კიდევ ერთი მეგობრის პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. მხარეები ამ წუთებში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ, რომელიც მოგვიანებით საქმეში ჩაიდება.

თორნიკე კაჭარავას სამართალდამცველები დიდი ოდენობით ნარკოტიების შეძენა-შენახვაში სდებენ ბრალს, თუმცა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი და სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც პროცესს ესწრებიან, ამტკიცებენ, რომ კაჭარავას ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ჩაუდეს და მას პრეზიდენტის ოჯახთან ახლო ურთიერთობების გამო დევნიან.

 “აბსოლუტურად იდენტური საქმე არის ორივე. 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი და ერთნაირად არ არის გამართული არც სამართლებრივად და არც არანაირად და იმედი გვაქვს, რომ იგივე განაჩენი გამოვა ახლაც, იმიტომ რომ ზუსტად იდენტური საქმეებია. ისევე როგორც თათარიშვილს, კაჭარავასაც ჩაუდეს იგივე რაოდენობა თითქმის,“ - განაცხადა ანა მარგველაშცვილმა.

დღევანდელ პროცესს ესწრება მიხეილ თათარიშვილი. ის ანალოგიური ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს.

„საავადმყოფოში მიდიოდა ადამიანი და როგორც გამოძიება იძახის, ედო ფეხსაცმელში 20 აბი "სუბოტექსი". ფეხსაცმელში 20 აბ "სუბოტექსს" ვერ ჩაიდებ. არის აბსურდული ეს ყველაფერი,“ - განაცხადა თათარიშვილმა.

განცხადება გააკეთა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.

„წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, ერთობლიობაში, რომელიც ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, საკმარისია იმისთვის, რომ საქმეზე დაინიშნოს არსებითი განხილვის სხდომა,“ - განაცხადა პროკურორმა.

 

 

დღის ამბები