26 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
პრეზიდენტმა "სემეკი"-ს წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურა პარლამენტს, მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ამ პოსტზე მაია მელიქიძის კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც ამჟამად მისი მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში.

„მაია არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტი, მაღალი დონის პროფესიონალი, ცნობადი საზოგადოებისათვის. ის აკმაყოფილებს ყველა იმ ძირითად კრიტერიუმს, რომელიც უნდა ჰქონდეს "სემეკი"-ს წევრს,“ - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

უკვე დაახლოებით ორი წელია მთავრობა და პრეზიდენტი, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შესახებ ვერ თანხმდებიან, ამის გამო პარლამენტში ცვლილებების პროექტიც არის წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, კომისიის ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ვადა უნდა გაუხანგრძლივდეს. თუ მაია მელიქიძის კანდიდატურას უმრავლესობა დაამტკიცებს, მაშინ საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგში აღარ დადგება.

„თუ ეს დღეს დავამტკიცეთ, არავითარი დამატებითი ცვლილებები საჭირო არ არის და უნდა შეწყდეს კანონზე ძალადობა იმ ადამიანებისა და იმ სტრუქტურების უნიათობის გამო, რომლებიც დროულად ვერ ახერხებენ კანონის დაცვას,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები