27 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. საქმე ეხება ციხიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ყოფილი ძალოვანი, პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმეს, უშიშროების აგენტობაში ადანაშაულებდა.

საქმის მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ფირცხალავას დაკითხვის დრო. დაცვის მხარის მოთხოვნას ფირცხალავას დაკითხვასთან დაკავშირებით არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.

„ირაკლი ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი პროვოკატორი და მას არა ერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა, როგორც აგენტს და პროვოკატორს. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დაკითხულიყო მოწმის სახით, როგორც დაცვის მოწმე სასამართლოში, ირაკლი ფირცხალავა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს პროკურატურის მოწმეების დაკითხვით განახლდა. პროკურატურას სულ ათი მოწმე ჰყავს წარდგენილი. უკვე დაიკითხა ადვოკტი ლილი გელაშვილიც, რომელმაც მოწმე ირაკლი მამალაძეს ურჩია დეკანოზის შესახებ ინფორმაცია პროკურატურისთვის მიეწოდებინა.

„მე მაქვს მხოლოდ ერთი ჩანაწერი მოსმენილი გამოძიების დაწყებამდე, რომელმაც მომცა საფუძველი და შიში იმისა, რომ ასეთი რჩევა მიმეცა მისთვის. ის, რაც გამოძიებას მივაწოდე თავის დროზე, ის, რაც ირაკლი მამალაძემ გვითხრა 24 იანვარს შეხვედრიდან და შემდეგ,“-განაცხადა ლილი გეგელაშვილმა.

საქმის პროკურორი ზვიად გუბელაშვილი დეკანოზ მამალაძის ადვოკატების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დეკანოზის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდა. გუბელაძე ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე იარაღის შეძენით დაინტერესებული არასდროს ყოფილა. პროკურორის თქმით, დეკანოზისა და მისი ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები