26 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ქვეყნების რეგიონში - ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს, რომელზეც მთავარ მომხსენებლებს შორის ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში, მაროშ შევჩევიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი პირები არიან. მათ სტუმრებს მიმართეს და საქართველოში მიმდინარე რეფორმები შეაფასეს. მომხსენებლებმა ასევე ხაზი ქვეყნის სამომავლო განვითარების პოტენციალს გაუსვეს.

„შეამჩნევდით ამ ლამაზ ქალაქში საქართველოს ბევრ დროშას, მაგრამ, ასევე დაინახავდით ევროპულ დროშებსაც. განსაკუთრებით მოხარული ვარ ესტონეთის დროშის ნახვის გამო, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობის გამომხატველია. ასოცირებასა და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას უკვე აქვს შედეგი. საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში, ეს კი აჩვენებს მათ, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუ როგორ მუშაობს ეს შეთანხმება რეალურად და როგორ აახლოვებს ჩვენს ეკონომიკებს,“ - განაცხადა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში, მაროშ შევჩევიჩმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა, ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა, რომ ბანკის ერთ-ერთი მიზანი ისეთი პროცესის გაღრმავებაა, როგორიც საქართველოს ევროინტეგრაციაა. მისი თქმით, რეგიონში ასოცირების ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია.

„რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ქვეყნების რეგიონში. გამოცდილების თანახმად, ვიცით, რომ ინვესტიციას არ დებ რამეში, თუ არ ენდობი. ჩვენ კი ხანგრძლივ ინვესტიციას ვახორციელებთ საქართველოში, რადგან გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია,“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები