27 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
სოსო ოხანაშვილის მტკიცებით, გველის შხამის მოპოვება შორენა თეთრუაშვილმა მასაც სთხოვა

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, სასამართლოს ჩვენება Skype-ის მეშვეობით მისცა. დაკითხვის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა, გველის შხამის მოპოვება, მამა გიორგი მამალაძის მსგავსად, მასაც დაავალა, რაზეც თეთრუაშვილმა უარი მიიღო.

ადვოკატების მტკიცებით, სოსო ოხანაშვილის ჩვენებით დღეს დადასტურდა, რომ პატრიარქის უსაფრთხობის სამსახურის ყოფილ უფროსს პატრიარქის მდივან-რეფერენტთან კონფლიქტი ჰქონდა, მის გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებოდა და შორენა თეთრუაშვილს წინააღმდეგობასაც უწევდა.

პროკურატურის მტკიცებით, სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძე და საპატრიარქოს უსაფრთხოების თანამშრომელი, ტარას შავშიშვილი, შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან მოშორებას ცდილობდნენ და როდესაც ეს არ გამოუვიდათ, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ მდივან-რეფერენტის მოკვლა გადაწყვიტა.

პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა დაკითხვის დროს ასევე აღნიშნა, რომ შორენა თეთრუაშვილის გათავისუფლება თავად პატრიარქსაც სურდა, მაგრამ მისი ბრძანება არცერთხელ არ ამოქმედდა და მეუფეებმა უწმინდესის გადარწმუნება შეძლეს.

სასამართლომ დღეს  საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ტარას შავშიშვილიც, დაკითხა.

შავშიშვილი იყო ბოლო ადამიანი, ვისაც გერმანიაში გაფრენის წინ აეროპორტში მიმავალი მამა გიორგი მამალაძე შეხვდა. შავშიშვილი პროკურატურის მოწმე იყო, თუმცა, ჩვენების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ მისი მოწმე პროცესზე იტყუებოდა.

კურიერის ინფორმაციით, ტარას შავშიშვილს, რომელიც სოსო ოხანაშვილის უახლოესი მეგობარია, პროკურორებმა პროცესზე ჰკითხეს, ხომ არ გადაუცია მას ციანიდი გაფრენის წინ მამა გიორგი მამალაძისთვის, თუმცა, მოწმეს პროცესის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები