03 მაისი 2024,   02:17
ვრცლად
არ შეიძლება საჯარო მოსამსახურეს თავისი თავი ეგონოს პოლიტიკოსი - ირაკლი კობახიძე ანა დოლიძეს ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2 კანონპროექტზე დადებულ ვეტოს განხილვას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის, კამათი მოჰყვა.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც გრძლევადიანი სტრატეგიის გარეშე ხდება 7 თვითმმართველი ერთეულისათვის თვითმმართველობის ჩამორთმევა და იქ არჩევნები გუქმება, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ ენაზე საუბრობენ და ეს გასაკვირი არ არის. მან ანა დოლიძეს შენიშვნაც მისცა და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

„ერთია პოლიტიკური გამოსვლები და მეორეა ექსპერტული შეფასება გარკვეული ცვლილებების და რეფორმების. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ აქ, სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, ვერც ოპოზიციის მხრიდან, პოლიტიკური შეფასებების გარდა ვერაფერი.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩემი ვალდებულებაა დავიცვა ეთიკის სტანდარტები. ეთიკის სტანდარტები, მათ შორის, მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება შედიოდეს პოლიტიკოსთან პოლემიკაში. საჯარო მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკოსი არის პოლიტიკოსი, ეს არის უმარტივესი სტანდარტი, რომელიც არის დადგენილი საყოველთაო თეორიით პოლიტიკის, საჯარო სამსახურის და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ყველა საჯარო მოსამსახურეს კანონის ცოდნა და მისი პარლამენტში დაცვა ევალება.

„არ შეიძლება საჯარო მოსამსახურეს თავისი თავი ეგონოს პოლიტიკოსი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პასუხად განაცხადა, რომ კობახიძის გამოსხვლა თავდასხმას შეიცავდა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იმდენად სავსე იყო თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და საკმაოდ ღირსებას მოკლებული კრიტიკით, რომ წესით, სრულიად სახტად უნდა დავრჩენილიყავით. ბატონო თავმჯდომარევ, თქვენივე რეფორმის შედეგად, თქვენ ამოიღეთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა სიის ჩამონათვალიდან,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს შინაარსობრივ განხილვაზე გადასვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ის საჯარო მოხელეა. 

ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთი საჯარო მოხელე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ დღეს მიუღებელი ქმედებები ჩაიდინა, როდესაც ანა დოლიძესთან პოლემიკაში შევიდა და მას შენიშვნები მისცა.

„უამრავი საჯარო მოსამსახურე გამოდის, დგება იქ და პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს. ეს არ არის ნორმალური, თქვენ დღეს გააკეთეთ გაუგონარი რამ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამის გამო ირაკლი კობახიძემ სერგო რატიანი ტყუილში დაადანაშაულა.

„თქვენ იურისტი არ ბრძანდებით და არ მოგეთხოვებათ აქ იმ სტანდარტების ცოდნა, სად გადის ზღვარი ეთიკასა და ეთიკის სტანდარტების დარღვევას შორის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები