06 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.  

ადმინისტრაციასთან მისულ აქციის მონაწილეებს ქუჩა სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი დახვდათ, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

პარტიის ლიდერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური განაცხადის დატოვება სურდათ. ისინი დოკუმენტს ითხოვენ, რომელშიც დასაბუთებულად იქნება გადმოცემული, თუ რის საფუძველზე ჩამოართვა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლამდე კი აქციის მონაწილეები მაიდანზე იმყოფებოდნენ. "ახალი ძალების მოძრაობის" წევრებმა შეკრებილებს საკუთარი გეგმები გააცნეს. პარტიის ლიდერებთან ერთად ადგილზე რადას მოქმედი დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს და ის სააკაშვილის მისამართით პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. პარალელურად, სააკაშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით დღევანდელ აქციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

ცნობილია რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ გეგმა უკრაინის ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული და მათ ამ პროცესში მონაწილე პირების ვინაობა უკვე იციან. 

სააკაშვილის მომხრეები აქციების გაგრძელებასაც აპირებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები