06 მაისი 2024,   03:24
ვრცლად
"აშშ-ის პრეზიდენტის მისალმებას გადმოგცემთ" - მაიკ პენსმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს მიმართა

"აშშ-ის პრეზიდენტის მისალმებას გადმოგცემთ" - ასე მიესალმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს.

მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. მისი თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას. 

განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა შერეული სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე გააკეთა. 

„მოხარული ვარ, რომ თქვენ დღეს მოგმართავთ აქ,“ - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა შერეული სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე, ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებს და ბაზაზე შეკრებილ ხელისუფლების წევრებს.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა შეკრებილ სამხედროებს მიმართა და განუცხადა, რომ ის საქართველოში დონალდ ტრამპის დავალებით იმყოფება. მისი თქმით, ამერიკა და საქართველოს ერთობლივი ღირებულებები აქვთ, რაც თავისუფლებისთვის სწრაფვას გულისხმობს.

 „ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პოზიციას, რომ ჩვენ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდზე ვდგავართ, ასევე თქვენ მისწრაფებაში გიჭერთ გაწევრიანდეთ ჩრდილოეთ ატლანტიკურ ორგანიზაციაში,“ - განაცხადა მაიკ პენსიმ.

მაიკ პენსმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ისინი.

„სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ერთობლივი წვრთნები აღნიშნულის ნათელი გამოსახულება გახლავთ,“ - აღნიშნავს პენსი.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი რუსული აგრესიის შესახებაც საუბრობს.

„ჩვენ ვდგავართ, თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე. თავისუფლებისა, რომელმაც დარტყმა განიცადა რუსული აგრესიის შედეგად დაახლოებთ 2 ათეული წლის წინ და დღესაც ვხედავთ მის შედეგებს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ტანკების განლაგების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპაციის ქვეშ და ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას,“ - განაცხადა მაიკ პენსმა.

ვიცეპრეზიდენტის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას.

„ამერიკის შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი. ჩვენ, პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაიძლიეროს შესაძლებლობები, რომ წინ აღუდგეს ამ აგრესიას,“ - აცხადებს მაიკ პენსი.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს.

„უკეთესი ურთიერთობები და სანქციების გაუქმება, მოითხოვს რუსეთისგან იმ დესტაბილიზაციის შეჩერებას, რომელსაც ის ახორციელებს. პირველ რიგში და არა როდესღაც შემდგომ,“ - აცხადებს პენსი.

ბაზაზე, ასევე იმყოფებიან საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მასთან ერთად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები