06 მაისი 2024,   07:29
ვრცლად
აშშ მკაცრად გმობს რუსულ ოკუპაციას ქართულ მიწაზე - მაიკ პენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებების ადრესატი თბილისში ვიზიტის დროს არამხოლოდ საქართველო, არამედ რუსეთიც იყო.

ვიზიტის მეორე დღეს მაიკ პენსმა რუსეთი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო, მკაცრად გააკრიტიკა.

„ამ წუთას, ამ ადგილიდან 40 მილში რუსული ტანკები დგანან სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსულ ოკუპაციას ქართულ მიწაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და შეერთებული შტატები შეეწინააღმდეგება ნებისმიერ განცხადებას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან, რომელიც დაარღვევს ამ მტკიცე პრინციპებს. პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს არაკონსტრუქციული ქმედებები. ჩემი მიზანია, დღეს აქ გავამყაროთ ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ერთგულების დასადასტურებლად პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს,“ - განაცხადა მაიკ პენსმა.

ვიცეპრეზიდენტმა ასევე დააკონკრეტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწვეტილებას ხელს მალე მოაწერს.

მან ტალინსა და თბილისში ღიად თქვა: იმ შემთხვევაში, თუკი რუსული საფრთხე ნატოს წევრ ქვეყნებს დაემუქრებათ, მაშინ ალიანსმა წესდების მეხუთე თავი უნდა გამოიყენოს.

ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა დღეს თბლისში წინა ადმინისტრაცია გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეერთებული შტატებს საკუთარი და პარტნიორების ინტერესების დასაცავად უფრო მკვეთრი პოზიცია უნდა ჰქონოდა. 

დღის ამბები