06 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
მოზარდთა მიმართ გარყვნილი ქმედება - არასრულწლოვნთა ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ორი მოზარდის მიმართ სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა შესაძლოა საპატიმრო დატოვოს. 4 და 5 წლის დების ჩვენების საფუძველზე, სამტრედიის პოლიციამ, 37 წლის დავით შანიძე რამდენიმე თვის წინ დააკავა. გამოძიება მას არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ დაზარალებულმა ბავშვებმა მშობლებს უამბეს, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულს მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია.

ბავშვების ოჯახმა ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა, რის შემდეგაც არასრულწლოვანი გოგონების ოჯახი სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ოჯახის ინფორმაციით, გამომძიებლებმა მათ შეცვლილი ჩვენების მიცემის საშუალება არ მისცეს. არასრულწლოვნების დედა აცხადებს, რომ სამართალდამცველები განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დედობის უფლების ჩამორთმევითა და დაკავებით ემუქრებოდნენ.

დაზარალებულებზე ზეწოლა შეცვლილი ჩვენების გამო, დავით შანიძის ოჯახის ინფორმაციით, იგივე პოლიციელებმა სცადეს, რომლებმაც მანამდე სასურველი ჩვენების მისაღებად ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულსაც მიაყენეს. სამტრედიის პოლიციის სამი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ წამების მუხლით დაიწყო. 

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული შანიძის ოჯახი პოლიციელების დასჯას, გამოძიების დასრულებამდე კი, მათთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე. 

დღის ამბები