06 მაისი 2024,   09:35
ვრცლად
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარ ბებიაშვილის ცხედარი ჩამოასვენა.

ადგილზე გაიმართა სამგლოვიარო ცერემონიალი.

ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენლები და მათი ამერიკელი სამხედროები დახვდნენ. თბილისის საერთაშრისო აეროპორტში ასევე იმყოფება აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. 

ცერემონიაში მონაწილეობას მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროებიც იღებენ.

გარდაცვლილ უმცროს სერჟანტს აეროპორტში საპატიო ყარაული დახვდა. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრმა კი, სამგლოვიარო მარში შეასრულა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.

ის ავღანეთში 3 აგვისტოს მოტორიზებული პატრულირების დროს თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

25 წლის მდინარ ბებიაშვილი წარმოშობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნიდან იყო. ის ავღანეთში რიგით მესამე სამხედრო მისიაში იღებდა მონაწილეობას.

გარდაცვლილ მდინარ ბებიაშვილს დღესვე მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

 

 

დღის ამბები