06 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
ხანძრები, განგაშის წითელი დონე და დახურული კურორტები - ევროპა რეკორდულ სიცხეებს ებრძვის 

ევროპაში რეკორდულ სიცხეებს ებრძვიან. რამდენიმე ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის შედეგად ხანძრები გახშირდა. სიცხეების გამო განგაშის ნარინჯის ფერი დონეა გამოცხადებული ევროპის კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში.

იტალიის მყინვარწვერს, რომელიც ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი სამთო სათხილამურო კურორტია, ტურისტები ტოვებენ. რეკორდულმა სიცხეებმა ალპურ ზონაში თოვლის დნობა გამოიწვია, რის გამოც ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ისტორიული გადაწყვეტილება მიეღო და სტელვიო პასზე გაურკვეველი ვადით სეზონი დახურა.

სტელვიო პასის მყინვარზე თოვლის დნობას ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. ამას გარდა, იტალიელი სპეციალისტები წყლის მარაგის მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ, რაც ქვეყანას გვალვით და ნარგავების გახმობით დაემუქრება.

რეკორდული სიცხეები იტალიის ყველა რეგიონში ფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა ამ პერიოდის ზოგად მაჩვენებელზე 10 გრადუსით მეტია, რასაც უკვე მოჰყვა ტყის ხანძრები და ნათესების გახმობა.

სინოპტიკოსებმა ამ ციკლონს "ლუციფერიც" კი უწოდეს და ქვეყნის 26 ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს. ცენტრალურ რეგიონებში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ვენეციასა და ვერონაში, სადაც გაუსაძლისი სიცხეების გამო ხელისუფლებამ წყლის ეკონომია დაიწყო და შადრევნების მუშაობაზე გრაფიკი დააწესა.

გაუსაძლის სიცხეს უჩივიან ტურისტები ესპანეთსა და საფრანგეთშიც. მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დაიწვა ტყეები.

საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში სიცხეების გამო განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. იტალიის მსგავსად, განგაშის ყველაზე მაღალი, წითელი დონე კიდევ 9 ქვეყანაში მოქმედებს. იმ ფონზე, რომ ბალკანეთის ქვეყნების ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა და ზოგან 50 გრადუსს მიაღწია, მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლებას არ პროგნოზირებენ.

დღის ამბები